ახლა აქ რომ იყო... ახლა აქ რომ იყო, გეტყოდი, რომ მცივა... გეტყოდი, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობ და გთხოვდი, რომ არ მიმატოვო...
... ჩემ თვალწინ უამრავი ხალხი ირევა... რატომღაც, საშინლად მაღიზიანებს ერთი წყვილი. ალბათ იმიტომ, რომ შუახნის კაცი მთელი მონდომებით, სერიოზული სახითა და სულელური ტონით ესაუბრება გვერდში მდგომ ქალბატონს, აშკარად, ერთობ მნიშვნელოვან საკითხზე. ქალი კი გაყინული სახით ყველაფერზე თავს უკრავს.
აი, მეორე წყვილიც გამოჩნდა. ოღონდ ესენი ახალგაზრდები არიან. ჩუმად მიუყვებიან ქუჩას. გოგონას ხელკავი აქვს ბიჭისთვის გაყრილი. ორივე სევდიანია. მაინც, როგორ უხდება სიყვარულს გაბუტვა...
... ახლა აქ რომ იყო, მეტყოდი, რომ სიყვარულს გაბუტვა კი არა, ჩახუტება უხდებაო. მე კი, როგორც ყოველთვის, შეგეწინააღმდეგებოდი. ბოლოს ისევ შენ დამითმობდი და ორივე უხდებაო, მეტყოდი.